fbpx

მინიმალიზმი ბედნიერი ცხოვრებისთვის

[facebook_comments_count]

ავტორი – ანა ტიკარაძე

ოქტომბერი 19, 2019

რაც გვაქვს ნუთუ ყველაფერი გვჭირდება? ან რაც გვინდა ყველაფერი გამოგვადგება? 

ჯერ კიდევ სანამ გაცნობიერებულად, სამყაროს მოვლის მიზნით, მინიმალისტური ცხოვრების წესზე გადასვლას დავიწყებდი, ყოველთვის მიყვარდა ჩემი ნივთების გადარჩევა. რაც ბოლო წლის განმავლობაში არ გამომიყენებია, ესე იგი არ მჭირდება (იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა თუ სამკაული) და ჩემი მეგობარ-ახლობლების მფლობელობაში გადადის ხოლმე. მაქვს ერთი კარადა – ცალმხარეს ზამთრის ტანსაცმელია, მეორე მხარეს ზაფხულის – არ მჭირდება სხვენში ან სადმე ყუთებში გადალაგება სეზონურად, ყველაფერი თვალნათლივ ჩანს, რადგან ცოტაა. ასევეა აბაზანაში – არასდროს არ არის ორი ერთი და იმავე დანიშნულების ნივთი (მაგალითად, შამპუნი – ერთი რომ დაიცლება, მხოლოდ მაშინ ჩნდება ახალი). ისევე როგორც საჭიროა სხეულის გაწმენდა და სიმსუბუქის შეგრძნება სასიამოვნო განცდაა, ასევეა გარემო – აუცილებელია მისი შემსუბუქება და არასაჭირო ნივთებისგან გაწმენდა. ბევრი დასახარისხებელი რომ არ იყოს, თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ არ დაგროვდეს. Buy less, choose well – ძალიან გონივრულად თქვა ვივიენ ვესტვუდმა. 

მინიმალიზმი მხოლოდ ნივთებში არ გამოიხატება – ეს ეხება ჩვენს აქტივობებსაც. რასაც ვაკეთებთ ყველაფერი მნიშვნელოვანია? ამდენ რამეზე ხელის მოკიდება კარგი აზრია? ჩემ დღიურში ვინიშნავ ყველაფერს, თუკი სადმე წასასვლელი ვარ, რაიმე გასაკეთებელი მაქვს. დღეს კი ვიწყებ იმით, რომ გადავხედავ სიას და გადავშილი იმას, რისი არ გაკეთებითაც საქმე საგრძნობლად არ გაფუჭდება. 

ასევე მნიშვნელოვანია ემოციების გახარჯვა მინიმალურად – ნაკლები კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც ენერგიას გვართმევენ, გვღლიან, რომ მეტი დრო და ხალისი გვქონდეს იმათთან ურთიერთობის, ვინც ჩვენთვის ღირებულია.

მინიმალიზმი საჭიროა კვებაშიც. ადამიანს დღეში სამჯერ და მეტჯერ ჭამა არ სჭირდება. ერთხელ ან ორჯერ საკვების მიღებაც სავსებით საკმარისია. ზედმეტი საკვების გადამუშავებაზე დასახარჯი ენერგია კი სხვა რამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.

გონებრივი და ფიზიკური მინიმალიზმი და სიმსუბუქე ბედნიერების ასამაღლებელ ხერხად მიმაჩნია. როდესაც რაღაც გვინდა ეს ქმნის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას. ბედნიერება სურვილების მიღმაა. სურვილების არ ქონა მიჯაჭვულობისგან გვანთავისუფლებს და მეტ თავისუფლებას გვმატებს. გარემოში თუ ჩვენს გონებაში ადგილი უნდა გამოვათავისუფლოთ, რომ გაჩნდეს სიცარიელე, რომელიც ბუნებრივად მოითხოვს სიახლით შევსებას.

მინიმალისტური ყავის სკრაბი: 

  • 1 ჭიქა ყავა
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი დარიჩინი
  • 1 სუფრის კოვზი ჯინჯერი
  • 1/2 ჩაის კოვზი მიხაკი
  • 1/2 ჩაის კოვზი მუსკატი
  • 1/2 ჩაის კოვზი ილი
  • 1/4 ჩაის კოვზი პილპილი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჭიქა ქოქოსის ზეთი. 

ჯამში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები და დაუმატეთ ქოქოსის ზეთი. შეინახეთ დახურულ ქილაში.

namu

551 21 60 30
info@namu.ge

აბაშიძის 24, თბილისი