fbpx

გამარჯობა

[facebook_comments_count]

ავტორი – ანა ტიკარაძე

მარტი 16, 2019

“What day is it?” Asked Pooh.

“It’s today”, squeaked Piglet.

“My favourite day”, said Pooh.

ეს ჩემი პირველი ჩანაწერია. მოგიყვებით როგორ გავხდი ვეგანი და რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ჩანაწერებში გაგიზიარებთ ჩემ, როგორც ვეგანი შეფის და პოზიტიური ფსიქოლოგის, გამოცდილებას, ვისაუბრებ ნარჩენების მართვაზე, მდგრად მოდაზე, გაცნობიერებულობასა და მედიტაციაზე. ასევე, გაგიზიარებთ მცენარეულ რეცეპტებს.

ყველაფერი 2011 წელს ლონდონში ცხოვრებისას დაიწყო. მაშინ მე 31 წლის ვიყავი, მოულოდნელად ჩემმა ორგანიზმმა უარი თქვა ხორცის მიღებაზე. მალე ვეღარ შევჭამე ვერც თევზი, ზღვის პროდუქტი და კვერცხი. ვიგრძენი ჯანმრთელობის პრობლემების სიმპტომები (სიმძიმე კუჭში, ხშირი თავის ტკივილი, ხასიათის ცვალებადობა) ნელ-ნელა გაქრა. მივხვდი, რაღაც კარგი ხდებოდა ჩემ თავს.

რამდენიმე წლიანი ვეგეტარიანელობის შემდეგ, გავხდი ვეგანი – უარი ვთქვი რძის პროდუქტიც მიღებაზეც. ასევე, რაციონიდან ამოვიღე რაფინირებული შაქარი, რაფინირებული ზეთი და ხორბალი (გლუტენი).

შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საცხოვრებლად საქართველოში დავბრუნდი. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა და სტიმული იყო: ვისწავლე ამერიკის საუკეთესო ვეგანურ კულინარიულ აკადემიაში, გავიარე კურსები სხვადასხვა ქალაქში – ბალი, ბერლინი, ბარსელონა (ახლა შევამჩნიე, რომ სამივე ასო “ბ”-ზე იწყება და ამან შემახსენა ვეგანებისთვის B ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ, ამაზე მომდევნო ჩანაწერებში ვისაუბრებ).

შევქმენი “ნამუ” – პირველი მცენარეული სამზარეულო საქართველოში. ჩემი მიზანია გავზარდო ცნობადობა ჯანსაღ ცხოვრების სტილზე – მცენარეული კვების და გაცნობიერებულობის სარგებელზე. ამას ვაკეთებ “ნამუს” ვახშმის კლუბის, დეტოქსის წვენების პროგრამის, ვეგანური დიეტის და გასვლითი ღონისძიებების მეშვეობით.

ვეგანობა არის ჩემი იდენტობა. ეს არის რეალობა და მომავალიც: 600%-ით მოიმატა ვეგანების რიცხვმა ამერიკაში, 350%-ით დიდ ბრიტანეთში. მსგავსი ტენდენციებია ევროპასა და აზიაში.

ცხოვრების მიზანი ნაპოვნი მაქვს – ვისაუბრებ ვეგანიზმზე და დავეხმარები სხვებსაც პატარ-პატარა ნაბიჯები მაინც გადადგან ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებისკენ.

სიყვარულით,

ანა

რეცეპტი:

ჩიას ფაფა

– 200მლ მცენარეული რძე (შეგიძლიათ არაპასტერიზებული, დაუტკბობელი მცენარეული რძე შეიძინოთ “ნამუში”)

– 1 სუფრის კოვზი თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი

– 1 სუფრის კოვზი ჩია (იყიდება სუპერმარკეტებში ან მომწერეთ და მოგცემთ საკონტაქტო მონაცემებს სად იყიდოთ)

– 5 სუფრის კოვზი შვრია

აურიეთ ყველაფერი ჯამში და დატოვეთ მთელი ღამით. დილით მოაყარეთ ხილი და მიირთვით გემრიელი მცენარეული საუზმე.

namu

551 21 60 30
info@namu.ge

აბაშიძის 24, თბილისი