დილის 5 რიტუალი კეთილდღეობისთვის

დილის 5 რიტუალი კეთილდღეობისთვის

ბევრისთვის დილა დღის ყველაზე სტრესული პერიოდია – ადრე ადგომა, მომზადება (საკუთარი თავის და ხშირად სხვებისაც) და სამსახურში გაქცევა. თუმცა, დილა განაპირობებს მთელ დღეს. მახსოვს ადრე ხშირად ხმარობდნენ გამოთქმას “მარცხენა ფეხზე ადგომა”, რაც გულისხმობდა დღის არასწორ დაწყებას და მთელი დღე ნეგატიური განწყობის გაყოლას.

მოგიყვებით ჩემი ხუთი დილის რიტუალის შესახებ, რომელიც ვფიქრობ როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ სიჯანაღეში მეხმარება:

  1. ვიღვიძებ ადრე. რა იგულისხმება ადრეში? როგორც ყველაფერი, ესეც ინდივიდუალურია. მთავარია ვიღვიძებ იმაზე მინიმუმ ერთი საათით ადრე, ვიდრე ეს მჭირდება. როგორც წესი, ჩემი ოჯახის წევრები 8 საათისთვის იღვიძებენ, მე მათზე დაახლოებით ორი საათით ადრე. ეს დრო მაძლევს საშუალებას გავაკეთო ჩემი დილის რიტუალი და დღე აუჩქარებლად, სტრესის გარეშე დავიწყო. 
  2. ვვარჯიშობ. 10-15 წუთი მჭირდება იმისთვის, რომ 5 ტიბეტური ვარჯიში გავაკეთო, რომელიც ჩემთვის ენერგიის წყაროა. ეს მოძრაობები ყველა ძირითად კუნთს ამუშავებს. თითო ვარჯიში 21-ხელ მეორდება. თავიდან 3 გამეორებით დავიწყე და ნელ-ნელა გავზარდე რაოდენობა, რომ შევჩვეოდი. ჩემი შეგრძნებებით, ეს ვარჯიშები ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის მიმოსვლას და ხსნის ენერგეტიკულ ბლოკებს. სხეულში ენერგიის სწორი გადინება კი სიჯანსაღის და ბედნიერების საწინდარია. თუ დაინტერესდებით, ვარჯიშების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ნამუს ინსტაგრამზე namuraw შენახულ ‘highligt’-ში “ტიბეტური დილა”. 
  3. ვაკეთებ მედიტაციას. თუ ამინდი მიწყობს ხელს ვარჯიშსაც და მედიტაციასაც ჰაერზე ვაკეთებ. 10 წუთი ფეხებგადაჯვარედინებული ვზივარ და ვსუნთავ, სულ ეს არის. მედიტაცია საოცრებებს ახდენს – ამშვიდებს, აბედნიერებს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და შესაბამიად წონის რეგულაციას. ამბობენ თუ 10 წუთი მედიტაციის დრო ვერ გამონახე, მაშინ 20 წუთი უნდა აკეთოო 🙂
  4. ვსვამ წყალს. დილით, ვიდრე ჩემები გაიღვიძებენ და ვისაუზმებთ, ვსვამ რამდენიმე ჭიქა წყალს. წყალს, როგორც წესი ვაგემრიელებ სხვადასხვა ხილით და ბალახეულით. ჩემი საყვარელი კომბინაციაა ბარამბოს ან პიტნის ფოთლები და მარწყვი (მარწყვი მთელი წელი მაქვს გაყინული სახით). ასევე, გემრიელია ჯინჯერი, ლიმონი და ვაშლი. ხილს ვყრი წინა ღამით წყლიან დოქში და დილით უკვე წყალი იმფუზირებულია გემრიელი არომატებით.
  5. ვგეგმავ დღეს. გადავხედავ რა მაქვს გასაკეთებელი, თუ ბევრი საქმეა ვალაგებ პრიორიტეტების მიხედვით, რისი გადატანა შეიძლება შემდეგ დღეებზე, ისე, რომ საქმეც არ გაფუჭდეს და არც გადავიტვირთო. ვინაიდან ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ დღის განმავლობაში, დატვირთული გრაფიკის შემთხვევაშიც ვახერხებ სტრესის მართვას.

თუ ჯერ არ გაქვთ დილის, საკუთარი თავისთვის მიძღვნილი რიტუალი შემუშავებული, სცადეთ ჩვეულზე ერთი საათით ადრე გაღვიძება და ეს დრო დაუთმეთ იმას, რაც გაგაბედნიერებთ.