რომელი წვენსაწური სჯობს?

რომელი წვენსაწური სჯობს?

თუ ფიქრობთ წვენსაწურის შეძენას, ეს მოკლე მიმოხილვა გამოგადგებათ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რომელი ტიპის წვენსაწური შეიძინოთ.

არსებობს სამი ძირითადი სახის წვენსაწური:

  1. ცივი დაწურვის წვენსაწური – ჰიდრავლიკური პრესის საშუალებით, ძლიერი დაწოლით, ყოველგვარი ტრიალის გარეშე, ახდენს სითხის ექსტრაქტირებას ბოსტნეულიდან და ხილიდან. ნამუს წვენები სწორედ ასეთი აპარატით იწურება და რეკომენდებულია გერსონის თერაპიისთვისაც კი. ამგვარი დაწურვისას პროდუქტის ყველა ნუტრიენტი და ფერმენტი შენარჩუნებულია 3-5 დღის განმავლობაში.  ქაფი არ წარმოიქმნება და პროდუქტიდან გამოიყოფა მაქსიმალური სითხე. თუმცა საკმაოდ ძვირადღირებულია, იკავებს დიდ ადგილს და წვენის დაწურვის პროცესი მოითხოვს დიდ ძალისხმევას.
  2. ნელი დაწურვის აპარატი – ნელი ტრიალით ხდება ხილი და ბოსტნეულიდან წვენის გამოწურვა. ჩემი აზრით, ეს არის იდეალური სახლის პირობებში. ნუტრიენტები და ფერმენტები 1-2 დღე ნარჩუნდება – შეგიძლიათ ერთბაშად დაწუროთ და გამოიზოგოთ. ცენტრიდანულ წვენსაწურთან შედარებით, წარმოქმნის ნაკლებ ქაფს და მეტ წვენს. საკმაოდ ხელმისაწვდომია და ძალიან დიდ ადგილს არ იკავებს. მოხმარებაც მარტივია.
  3. ცენტრიდანული წვენსაწური – ყველაზე გავრცელებულია, ვინაიდან ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასევე, ყველაზე სწრაფი და კომპაქტურია. სწრაფი ტრიალით ხდება ხილი და ბოსტნეულიდან წვენის გამოწურვა, რომლის დროსაც პროდუქტი სწრაფად იჟანგება და სასურველია გამოწურული სითხე მაშინვე დაილიოს. წარმოქმნის საკმაოდ ბევრ ქაფს და ნაკლები წვენი გამოდის. დასაწყისისთვის არაუშავს.

თქვენ რომელ წვენსაწურს გაუწევდით რეკომენდაციას?