დღეს ვისაუბრებ ვიტამინზე B12 და მის კრიტიკულ მნიშვნელობაზე ვეგანებისთვის.
B12 არის ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინი, რომლის მიღებაც ვეგანური დიეტით აღმოჩნდა შეუძლებელია. B12 გვხვდება ცხოველურ პროდუქტებში (თაფლში არ არის). საზღვარგარეთ ვეგანებისთვის სპეციალურად არის საკვები პროდუქტი (რძე, სირიალები, საცხები), რომელსაც დამატებული აქვს B12. ვეგანურ დიეტაში B12 მიღების წყარო არის მხოლოდ ამგვარი საკვები ან დანამატები.
B12 მცენარეულ წყაროდ სახელდება ნორი, სპირულინა, ქლორელა, ნუტრიციული საფუარი. თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ ვეგანურ დიეტაზე მყოფებში, რომლებიც დანამატებს არ იღებენ, B12 დეფიციტის რისკი მაღალია. მცენარეული საკვებით საკმარისი B12 მიღება ვერ ხდება.
B12 მცირე რაოდენობით სჭირდება ორგანიზს და როგორც წესი, როდესაც ადამიანი ვეგანურ დიეტაზე გადადის, ორგანიზმი იწყებს მარაგების გამოყენებას და მისი ნაკლებობა შეიძლება თვეები, წლები არ გამოვლინდეს. B12 სიმცირე ორგანიზმში იწვევს ანემიას და აზიანებს ნერვულ სისტემას, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ენერგიის ნაკლებობა, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება, მეხსიერების დაქვეითება.
B12 ვიტამინის გარდა, ყურადღება უნდა მიაქციეთ შემდეგს: D ვიტამინი, ომეგა 3, იოდი, რკინა, კალციუმი, ცინკი.
დარწმუნებული ვიყავი ჩემი დიეტით B12-საც საკმარისად ვიღებდი, თუმცა რამდენიმე თვის წინ ავიღე სისხლის ანალიზი კონკრეტულად B12-ზე და დეფიციტი გამომივლინდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს წამლები, B12 დანამატის მიღება დავიწყე.
ძალიან მაინტერესებს, ვეგანები თუ კითხულობთ ამ ჩანაწერს, თქვენი გამოცდილება. შეგიმოწმებიათ სისხლში B12 მაჩვენებელი? გქონიათ მისი დეფიციტი? იღებთ დანამატს? თუ კი, რომელს?
გისურვებთ ჯანმრთელობას.
ანა
რეცეპტი:
ნორის ხვეული
- ნორის ფურცელი
- სალათის ფოთლები
- გრძლად დაჭრილი სტაფილო, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა, კიტრი, ავოკადო ან ანანასი
- ღივები ან მიკრო მწვანილი
- ჰიმალაის მარილი
- სეზამის მარცვლები
- სოიოს სოუსი (Tamari ყველაზე ნატურალურია)
შუაზე გაჭერით ნორი, დაადეთ სალათის ფოთოლი, გრძლად დაჭრილი ბოსტნეული, ღივები. მოაყარეთ ცოტა მარილი და სეზამის მარცვლები. გადაახვიეთ, სველი თითით დაამაგრეთ. ჩააწეთ სოიოს სოუსში და გემრიელად მიირთვით.