fbpx

თვით-ტრანსცენდენტულობა (Self-transcendence) – საკუთარი თავის მიღმა

[facebook_comments_count]

ავტორი – ანა ტიკარაძე

მაისი 7, 2019

თვით-ტრანსცენდენტულობა საკუთარი ჩარჩოებიდან გასვლას გულისხმობს, ეგოს დატოვებას და სხვებზე ზრუნვის დაწყებას. ამ დროს ადამიანი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ხდება.

ორი გოგოს დედა ვარ. მათ შორის ასაკობრივის სხვაობა დიდია – უფროსი მალე 20 წლის გახდება, უმცროსს ახლახანს შეუსრულდა ხუთი. ვამჩნევ, მათ მიმართ ჩემი აღზრდის სტილი ძალიან გასხვავებულია. პირველ შვილთან ვცდილობდი ჩამენერგა სურვილი ყოფილიყო საუკეთესო, ყოველთვის პირველი და გამარჯვებული. ვეუბნებოდი, რომ იყო ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი. შედეგი? რამდენიმე კვირის წინ მირეკავს (ესპანეთში სწავლობს ბაკალავრიატზე) იმედგაცრუებული ხმით და მეუბნება: “დედა, მე მგონი მხოლოდ და მხოლოდ “საშუალო” ვარ”. საქართველოში სწავლისას ყოველთვის მაღალ ქულებს იღებდა. ახლა სწავლობს ESADE-ში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ბიზნესის სკოლაა და მხოლოდ გამორჩეული ტალანტები სწავლობენ. მან ნახა, რომ სხვები შეიძლება იყვნენ მასავით ჭკვიანები ან მასზე უკეთესებიც კი. ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია დავეხმარო იმის მიღებაში, რომ იყო “საშუალო” სულაც არ არის ცუდი, რომ ცხოვრებაში სულ სხვა რამ ფასობს. პატარასთან უკვე დავიწყე იმაზე ზრუნვა, რომ სხვები უყვარდეს, რომ ცხოვრება შეჯიბრი არ არის, უაზრობაა სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის იმის მტკიცება, რომ საუკეთესონი ვართ. სადღაც ამოვიკითხე: “მე ის კი არ ვარ, რაც მე მგონია, რომ ვარ; არც ის ვარ, რაც შენ გგონია, რომ ვარ; არამედ ის ვარ, რაც მე მგონია, რომ შენ გგონია, რომ ვარ”. ძალიან სამწუხარია ამგვარ ორმხრივ აღქმაში ცხოვრება.

ბედნიერება მხოლოდ საკუთარი თავის მიღმა გასვლას მოაქვს, სხვების მსახურს და მათზე დადებითად ზემოქმედებას. მითია, რომ კანში იზოლირებული არსებანი ვართ. სიმართლე სწორედ ამის საპირისპიროა – ენერგია ერთი სხეულიდან მეორეში გადადის, იმპულსები ფიზიკური შეხების გარეშეც შეიგრძნობა, ჩვენ ყველანი დაკავშირებულნი ვართ.

ერთიანობის განცდით,

ანა

namu

551 21 60 30
info@namu.ge

აბაშიძის 24, თბილისი