fbpx
სალათა ქილაში

პორცია:

1

მზადდება:

15 წუთი

ინგრედიენტები

1 ვაშლი (კუბებად დაჭრილი)
1/4 ავოკადო (თხლად დაჭრილი)
1 ს.კ. იასამნისფერი კომბოსტო (გახეხილი)
1 ს.კ. მწვანე ბარდა
1 ჩ.კ. ბოლოკის მწნილი
1 ს.კ. სტაფილო (გახეხილი ან პატარა ნაჭრებად დაჭრილი)
1 ს.კ. ნუში (მოხალული, დაჭრილი)
1/2 კონა ოხრახუში (წვრილად დაჭრილი)
1/2 კონა წიწმატი (წვრილად დაჭრილი)

დრესინგი
1 ს.კ. ქეშიუს კარაქი
1/2 ჩ.კ. მისო (ფერმენტირებული სოიოს პასტა, მარილის ჩამნაცვლებელი)
1 ს.კ. ლიმონის წვეთი
1/2 ჩ.კ. სეზამის ზეთი
1 ს.კ. წყალი

მომზადების წესი

ეს არის რეცეპტი, რომელიც ეფუძნება ქილის აწყობის ზოგად პრინციპს. ინგრედიენტები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იმ ხილით და ბოსტნეულით, რაც სახლში გექნებათ.
სალათის ქილის აწყობის პრინციპი:
1. დრესინგი (ცხიმები). ქილის ძირში ჩაასხით 2-3 კოვზი დრესინგი. ეს შეიძლება იყოს მოცემული რეცეპტი ან მიწისთხილის, ტაჰინის, ზეითუნის ზეთის, მდოგვის, ან ნებისმიერი სხვა დრესინგი.
2. ხრაშუნა ხილი და ბოსტნეული (ნახშირწყლები). ახლა ვაშლი, სტაფილო და იასამნისფერი კომბოსტო გამოვიყენე. შეგიძლიათ, გამოიყენოთ კიტრი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახურის ღეროები, ანანასი, კენკრა და სხვა.
3. მწნილი (ფერმენტები უკეთესი მონელებისთვის). ბოლოკის მწნილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბოსტოს მწნილი, მდოგვის მარცვლების მწნილი, მჟავე კიტრი და სხვა.
4. ბურღულეული (ცილა). მწვანე ბარდა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოხარშული მუხუდოთი ან ლობიოთი, ტოფუს კუბებით და სხვა.
5. ტოპინგი. ამ რეცეპტში ტოპინგად მოხალული ნუში გამოვიყენე, თუმცა ალტრენატიული პროდუქტების სია დაუსრულებელი შეიძლება იყოს – მიწის თხილი, სეზამი, ნიგოზი; ასევე, შეიძლება ჩირის გამოყენებაც – ქიშმიში, კოწახური, ქლიავი.
6. მწვანე ფოთლები. ოხრახუში და წიწმატის ალტერნატივად შესანიშნავი იქნება რუკოლა, ისპანახისა თუ სალათის ფოთლები. ქილა შეავსეთ მწვანე ფოთლებით და თავზე დაახურეთ.

მირთმევის წინ, ქილა კარგად შეანჯღრიეთ და კერძიც მზადაა. თუ სასეირნოდ ხართ მხოლოდ ჩანგალი დაგჭირდებათ. თუ სახლში მიირთმევთ, შეგიძლიათ ღრმა გაშლილ თეფშზე გადმოიღოთ, ამოურიოთ, რომ დრესინგი ყველაფერს თანაბრად შეეზილოს. ამ შემადგენლობის ქილა არაჩვეულებრივად დაბალანსებული და ნუტრიენტებით სავსე კერძია.

ეს სალათა შეგიძლიათ თან წაიღოთ და ლანჩზე, არაჯანსაღი საკვების ნაცვლად და დაბალანსებული და ნუტრიენტებით სავსე კერძი მიირთვათ. ინგრედიენტების შეცვლით კი, ყოველდღე გასნხვავებული სალათა გექნებათ.

ასეთი სალათით შეგიძლიათ რამდენიმე ქილაც შეავსოთ, თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ან ორი-სამი დღის მარაგი მოიმზადოთ – ის მშვენივრად ძლებს მაცივარში 2-3 დღე.